პარლამენტის მიერ 12 აპრილს მიღებული "ამნისტიის შესახებ" კანონში ცვლილებების შედეგად პატიმართა ნაწილმა საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა.
დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 250 პატიმარი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ასევე, ამნისტიის შედეგად პირები საპატიმროებს მომდევნო დღეებშიც ეტაპობრივად დატოვებენ. კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძეა.
ვადაზე ადრე გათავისუფლებულ მსჯავრდებულებს ნომერ მერვე დაწესებულებასთან ახლობლებთან ერთად უმრავლესობის წარმომადგენლებიც დახვდნენ.
"მნიშვნელოვანი ამბავია რა თქმა უნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული ჰუმანიზმის ერთ-ერთი დემონსტრირება არის ამნისტია. შესაბამისად, როდესაც ადამიანები ტოვებენ საპატიმრო დაწესებულებას ახალი იმედებით, ახალი ცხოვრების დაწყების ენთუზიაზმით, რა თქმა უნდა, ყოველთვის განსაკუთრებულ გრძნობებს და ემოციებს იწვევს ადამიანებში. ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის ექნება წახალისება, რომ რაც შეიძლება მეტი ჩაიდოს იმაში რასაც ქვია პატიმრების რესოციალიზაცია,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.