პოლიციელი, რომლის შემთხვევით გასროლილ ტყვიასაც წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა, მოსამართლემ ორთვიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს კი შუამდგომლობა საერთოდ არ დაუყენებია.
დღევანდელ პროცესზე თავად ბრალდებულმაც ისარგებლა სიტყვით და აღნიშნა, რომ ის მომხდარის გამო წუხს და ვერაფერს შეცვლის.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.
"სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა, რაზეც დაცვის მხარეს ალტერნატიული შუამდგომლობა არ დაუყენებია ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე. გარკვეულწილად დაეთანხმა ბრალდების მხარეს გარკვეულ საფრთხეებში დასაბუთებული ვარაუდით დაცვის მხარე და სასამართლომ მიიღო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. რაც შეეხება დასაბუთებას, მოტივირებული შუამდგომლობის შემდეგ, მოტივირებულ განჩინებას აუცილებლად ჩაგვაბარებს სასამართლო," - აცხადებს ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.
ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ ბრალდებულს მძიმე კატეგორიის დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისად, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზე საუბრობდა.
შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.