რუსთავი2 კონცერტების გასამართად ემზადება. ამ საკითხზე დღეს გადაცემა სხვა შუადღეში ისაუბრეს.
კომპანიამ ერთი კონცერტი გორის რაიონში უკვე გამართა. ქუთაისისა და ფოთის შემთხვევაში კი რუსთავი2-ს კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრეს.
ქუთაისის მერიამ ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე უარის მიზეზად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელა.
ფოთის მერიაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდებოდა იმის შესახებ, თუ ზუსტად როდის დაიგეგმა ღონისძიება, რომლის გამოც მუნიციპალიტეტმა რუსთავის2-ს კონცერტის ჩატარების უფლება არ მისცა.
ამჯერად კი მორიგი უარი კომპანიამ ბათუმის მერიისგან მიიღო.
მიზეზად ქალაქში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებს და ფესტივალებს ასახელებენ. თუმცა, კურიერმა მოიპოვა პროგრამა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი2-ის მიერ დაგეგმილი კონცერტის ადგილზე არანაირი ღონისძიება დაგეგმილი არ არის.
"იმის მაგივრად, რომ თითოეული ქალაქის თვითმმართველობა რიგში იდგეს, რომ ჩამოდით და ჩვენთან გამართეთ კონცერტი, თბილისიდან იღებენ დირექტივებს, რომ რუსთავი2-ს კონცერტები არ ჩაატარებინონ. მინდა, დავარწმუნო ყველა ქალაქი, რომ რუსთავი2-ის კონცერტები მაინც შედგება, ნებისმიერი ბიუროკრატიული თუ სახელისუფლებო დაბრკოლებების მიუხედავად,“ - განაცხადა სხვა შუადღის ეთერში არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა.