20 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
დიდი პატივი და პატრიოტიზმია ერთგულად  ემსახურო შენს ქვეყნას, იყო მისი ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, ქართული ჯარის ნაწილი - ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.

"გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! განსაკუთრებულად მინდა ეს დღე მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო ჯარს, ჩვენს ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგით სამხედროებს, რომლებიც ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს, იცავენ ჩვენს ქვეყანას და მის თავისუფლებას," - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დიდი პატივი და პატრიოტიზმია ერთგულად  ემსახურო შენს ქვეყნას, იყო მისი ერთ-ერთი მთავარი საყრდენის,  ქართული ჯარის ნაწილი.

"დიდი სიამაყის განცდაა შენი წვლილი შეიტანო მის განვითარებასა და გაძლიერებაში. მინდა ყველა სამხედროს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სამსახურისთვის.

დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ვაჟკაცურად იცავდნენ ყველა ფრონტზე, მათ შორის იცავდნენ მსოფლიო მშვიდობას  და სტაბილურობას.

თავდაცვის ძალების დღეს მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ვეტერანების მიმართ, რომლებიც  ურთულესი გამოწვევების პირობებში ერთგულად ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას და ჯარს და პირნათლად მოიხადეს თავიანთი ვალი ჩვენი ქვეყნის წინაშე.

მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების,გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები. ძალიან დიდია მათი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. ასევე ძალიან მიხარია, რომ მათ კვალდაკვალ, ჩვენ გვყავს  ახალგაზრდა სამხედროები, მაღალი დონის სამხედრო განათლებით, დიდი მოტივაციით და შემართებით, რომლებიც გამოცდილი მებრძოლების გვერდით იმაღლებენ თავიანთ პროფესიონალიზმს და განასახიერებენ ჩვენს მომავალს.

თავდაცვის ძალების დღეს უნდა გავიხსენოთ  ჩვენი დაღუპული გმირი მეომრები. ქედს ვიხრი  მათი ხსოვნის წინაშე. ისინი ყოველთვის დარჩებიან ჩვენი ჯარის და საზოგადოების მეხსიერებაში, როგორც პატრიოტიზმის და თავდადების მაგალითი," - განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები