მარიუპოლში 100 ათასზე მეტი ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა.
საპორტო ქალაქისგან უკვე აღარაფერია დარჩენილი. ყოველდღიურად, კვირების განმავლობაში, ნანგრევებში მოყოლილი ცხედრების შეგროვება და სასაფლაოზე გადასვენება უწევთ. სიკვდილს გადარჩენილები თავიანთი სახლის ნანგრევების წინ სპეციალურ საველე სამზარეულოს აწყობენ და ამ მძიმე წუთებშიც კი ერთმანეთზე ზრუნავენ.
ნამდვილი გეტო - ასე უწოდებენ გადარჩენილები დღეს თავიანთ ცხოვრებას. ოკუპანტებმა მარიუპოლის ტერიტორიაზე ისეთივე წესები აამოქმედეს, როგორიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში . მოქალაქეები ვერანაირ ფინანსურ ოპერაციას ვერ ახორციელებენ. იძულებულები არიან, შეასრულონ ის წესები, რომლებიც რუსეთის ჯარის მიერ მკაცრად განსაზღვრულ ბუკლეტებშია მოცემული. ოკუპანტები ზღუდავენ მოქალაქეთა გადაადგილებას და ცდილობენ, იძულებით მოიპოვონ მათგან უკრაინელი მებრძოლების შესახებ ინფორმაცია.
მარიუპოლში ახლა აზოვის ბატალიონსა და რუსეთის ჯარებს შორის საბოლოო დაპირისპირების ადგილი ის მეტალურგიული კომბინატია, რომელიც საპორტო ქალაქის ციხესიმაგრედ იქცა. უკვე ორ თვეზე მეტია, ალყაში მოქცეული ასობით მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე მტერს არ ნებდება . მებრძოლთა მეუღლეები უსაფრთხო ევაკუაციაში დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვენ.
როდის დააღწევს რუსულ ალყას თავს აზოვსტალის ქარხანაში მყოფი ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო, არავინ იცის. დაპირების მიუხედავად, კორიდორი ამ დრომდე არ გახსნილა. აზოვსტალის მცველები მსოფლიო ლიდერებს დახმარებას სთხოვენ.