30 დეკემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ბევრი მის ფოტოს დღემდე აზიარებს, თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორ იქცა ლამაზი ქალი "ყველაზე უშნოდ" - მერი ენ ბევანის ტრაგიკული ისტორია

სოციალურ ქსელებში დღესაც ხშირად ტრიალებს "მსოფლიოს ყველაზე უშნო ქალის", მერი ენ ბევანის ფოტოები, ეს ტიტული მას კონკურსში მიანიჭეს, რომელშიც მონაწილეობა შვილების გამო მიიღო. ბევრ ინტერნეტმომხმარებელს წარმოდგენაც არ აქვს, როგორი ცხოვრება გამოიარა ბევანმა, რომელსაც, მძიმე დაავადების გამო, სხეულის ფორმები შეეცვალა და ამის გამო მთელი ცხოვრების განმავლობაში დამცირებას და ტანჯვას განიცდიდა. 

მერი ენ ბევანი 1874 წელს ლონდონში, საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა. მისი ოჯახი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. მერის 7 ძმა ჰყავდა. სამედიცინო სასწავლების დასრულების შემდეგ, 1894 წელს მერი მედდა გახდა. 1903 წელს იგი დაქორწინდა ტომას ბევანზე, რომელთანაც 4 შვილი ეყოლა. ოჯახი ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა. სამი წლის შემდეგ, 1906 წელს მერი ენს დაემართა იშვიათი დაავადება, რომლის შესახებ იმდროინდელმა მედიკოსებმა ბევრი არაფერი იცოდნენ. დაავადების სახელწოდება იყო აკრომეგალია.

აკრომეგალია - ეს იშვიათი დაავადება ჰორმონულია, რომელიც პროვოცირებულია სომატოტროფის ჰორმონით. დაავადება, ჩვეულებრივ, ვლინდება მას შემდეგ, რაც პაციენტი სქესობრივ მომწიფებას მიაღწევს, სხეულის ძვლები იზრდება და ჩვეულებრივ, ორ-სამჯერ აღემატება ნორმას.

აკრომეგალია 100 000-დან 6 ადამიანს აქვს. მერისთვის დაავადება საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რადგან მისი გავლენა მთელს სხეულზე აისახა. 

გარდა ძვლების ზრდისა, ამ დაავადებამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზეც, ორგანოებზეც -თირკმელებზე, ღვიძლზე, გულზე და ა.შ. დღეს ეს დაავადება ადვილად იკურნება, თუ მისი აღმოჩენა დროულად მოხდა.

მერი ენმა ​ მკვეთრი ფიზიკური ცვლილებები განიცადა. ხუთ წელიწადში პირვანდელი სახე სრულებით დაკარგა. მას ქმარი გვერდით ედგა, მაგრამ 1914 წელს ტომასი ინსულტით გარდაიცვალა და მერი ენი 4 შვილთან ერთად მარტო დარჩა.

მერი ენმა დაავადების, ან, სავარაუდოდ, მისი გარეგნობის გამო, სამსახური დაკარგა და უმუშევარი დარჩა.  ოთხი შვილის გაზრდა კი მარტოს უწევდა. მას ძალიან უჭირდა სამსახურის შოვნა, ამიტომ იგი ყველაზე ცუდ სამუშაოსაც კი თანხმდებოდა, რათა შვილები გამოეკვება.

ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა, ქალს ვალები უგროვდებოდა. სწორედ ამიტომ, იძულებული გახდა, მონაწილეობა მიეღო მსოფლიოს "ყველაზე მახინჯი ქალის" კონკურსში, სადაც მან პირველი ადგილი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტიტული ძალიან მძიმე იყო, დაეხმარა მას საკმარისი ფულის შოვნაში, რათა თავი დააღწია ვალებისგან და გარკვეული დროით გამოეკვება შვილები.

იმდროინდელმა მედიამ ისარგებლა მისი მდგომარეობით, უხდიდნენ მცირე თანხებს, რათა მისთვის ფოტოები გადაეღოთ და მასზე საზარელი ისტორიები დაეწერათ.

იმ პერიოდში "ყველაზე მახინჯი ქალის" კონკურსის მსგავსად, "მსოფლიოში საუკეთესო დედის" კონკურსი რომ ჩატარებულიყო ალბათ მერი ენი გაიმარჯვებდა. ქალი ყველაფერს შვილებისთვის აკეთებდა

მედიის ყურადღების მიპყრობის შემდეგ, 1920 წელს მერი ენი სამუშაოდ ერთ-ერთ ცირკის შოუში Dreamland Circus მიიწვეს. ცირკის შოუ საშინელი სანახავი იყო, მერი ენი ჯდებოდა დანარჩენ ხალხთან ერთად, რომლებიც მას დასცინოდნენ და სხვადასხვა შეურაცხმოფელ სახელებს ეძახდნენ.მერი ენს ზოგჯერ სცემდნენ კიდეც გარეგნობის გამო, თუმცა ქალი შვილებისთვის ყველაფერს უძლებდა. მერი ენი შოუში მონაწილეობას სიცოცხლის ბოლომდე იღებდა.

ქალი 1933 წლის 26 დეკემბერს ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

 

დღის ამბები