30 დეკემბერი 2024,   20:28
ვრცლად
ევროკავშირის ანგარიში კვლავ ურთიერთბრალდების თემაა - ოპოზიცია ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს, "ოცნება" კი ყურადღებას რეკომენდაციების შესრულებაზე ამახვილებს

ევროკავშირის ანგარიში კვლავ პოლიტიკური განცხადებებისა და ურთიერთბრალდების თემაა. ოპოზიცია ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს - "ქართული ოცნება" კი ყურადღებას რეკომენდაციების შესრულებაზე ამახვილებს.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შეფასების ანგარიში 12 აგვისტოს გამოქვეყნდა. დოკუმენტში წინ გადადგმულ ნაბიჯებსა და უკუსვლაზეა საუბარი, ანგარიში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე თითქმის ერთი თვით ადრე გამოქვეყნდა, სხდომა კი 6 სექტემბერს გაიმართება.

ანგარიშში წერია, რომ მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა კარგად მიმდინარეობს. "თუმცა, 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო.

"ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროში. მიუხედავად ამისა, ევროპა არ გვიწურავს იმედს, არ გვისპობს ევროპულ ქვეყნად ქცევის პერსპექტივას და მოგვიწოდებს 12 კონკრეტული ნაბიჯის გადადგმისკენ, რომელიც გვაქცევს ევროპის ნაწილად," - განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

"დროას" თავმჯდომარე ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ დოკუმენტის მიხედვით მთელი ფუნდამენტური მიმართულებით სერიოზული ჩავარდნები გვაქვს და საუბარია როგორც შიდა, აგრეთვე გარე პოლიტიკაზე.

"ჩვენ ვკითხულობთ ანგარიშს, რომელშიც არა თუ პროგრესი, არამედ მთელი ფუნდამენტური მიმართულებით გვაქვს სერიოზული ჩავარდნები, აქ ლაპარაკია როგორც შიდა, ასევე გარე პოლიტიკაზე. უარყოფითად ფასდება 2020-2021 წლის არჩევნები. ჩვენ ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი, ჩამოთვლილი გვაქვს რა გვაქვს გასაკეთებელი და ჯერ და ვალი ახლა არის ჩვენზე, რომ ვიმოქმედოთ და გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა," - აცხადებს "დროას" თავმჯდომარე ელენე ხოშტარია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი კი ამბობს, რომ 12 პუნქტის რეკომენდაციის შესრულების პროცესში მმართველი გუნდი ითვალისწინებს იმ საკითხებსაც, რაც რეკომენდაციებში არის მოცემული.

"ჩვენ რა თქმა უნდა ამ 12 პუნქტის რეკომენდაციის შესრულების პროცესში ვითვალისწინებთ იმ საკითხებს, რაც ზოგადად ამ რეკომენდაციებში არის მოცემული და ასახული არის აგრეთვე ამ კომისიის დასკვნაშიც. ამ მიმართულებით მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს და როგორც მოგეხსენებათ ჩვენ გვაქვს მიზანი კონკრეტული, რომ წლის ბოლოსათვის მთელი რიგი მიმართულებები რაც არის ამ 12 რეკომენდაციაშიც და კომისიის დასკვნაშიც, იყოს შესრულებული," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები