30 დეკემბერი 2024,   20:18
ვრცლად
რა საკითხებში აქვს წინსვლა სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს და რა არის სადავო - პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათს გაგრძელდა

სასამართლო - ეს არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ბრიუსელის 12 რეკომენდაციიდან, რომელსაც დღეს ყველაზე ხანგრძლივი სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა. 5 საათი პარლამენტში, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზის დახურულ კარს მიღმა. დამსწრეები: მოსამართლეები, არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციის ნაწილი და მმართველი პარტია.

ხანგრძლივი მოლაპარაკების მიუხედავად მხარეები მთავარი საკითხის განხილვამდე მაინც ვერ მივიდნენ. ოპოზიციას და არასამთავრობოებს ყველაზე პრინციპულად იუსტიციის საბჭოში კონცენტრირებული ძალაუფლება მიაჩნიათ.

მმართველი პარტია პირობას დებს, რომ ყველა სადაო საკითხს განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არც ერთზე მიღებული არ არის.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, შეხვედრაზე კომისიამ ტექნიკურ საკითხებზეც იმსჯელა.

როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე ამბობს, შეხვედრაზე კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს, მხარეებმა არგუმენტები გაცვალეს. მისივე თქმით, საკითხების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი იყო, შესაბამისად დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ რამდენიმე საკითხის განხილვა მოესწრო. გიორგი მიქაუტაძის თქმით, სავარაუდოდ, სამუშაო ჯგუფს კიდევ რამდენიმე შეხვედრა დასჭირდება, რათა საბოლოოდ დაიდოს ხედვა თუ როგორ უნდა წარიმართოს რეფორმები.

ოპოზიციის ნაწილის თქმით, დღეს განხილული საკითხები დიდი მნიშვნელობით არ გამოირჩეოდა და მთავარი განსახილველი საკითხები ჯერ კიდევ წინ არის.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხელმძღვანელობს.

"ჩვენ ვმოქმედებთ და ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ქართული მართლმსაჯულება და საკანონმდებლო სივრცე ვერ იქნება ისეთი საცდელი ობიექტი, რომელიც არავითარ გამოცდილებას არ ეფუძნება. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ამ პრინციპით. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ კონტექსტის პრინციპითაც, მიაჩნიათ, რომ კონკრეტული კონტექსტი უნდა იყოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გადამძლევი საზომი. ჩვენ ასე არ ვუყურებთ, თუმცა ზუსტად იმისთვის ვართ შეკრებილი, რომ ვეცადოთ პოზიციების მაქსიმალურად დაახლოებას. ამიტომ, ეს საკითხები არ ჩაგვიკეტავს და არ გვითქვამს, რომ აღარ ვიმსჯელებთ, გადავედით სხვა საკითხებზე. დავიწყებთ მომდევნო შეხვედრაზე სხვა საკითხებზე შეხვედრას, მათ შორის უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის პროცესში კიდევ მეტი მექანიზმები რა შეგვიძლია დავხვეწოთ, და ამ საკითხებსაც შემდეგ დავუბრუნდებით," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები