30 დეკემბერი 2024,   20:59
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო ისევ გადაიდო - რა მოლოდინები აქვთ ექსპრეზიდენტის წარმომადგენლებს სასჯელის გადავადებაზე

საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო. სასამართლო სხდომაზე ექსპრეზიდენტი ვერც ამჯერად მივიდა. მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

სასჯელის გადავადება მიხეილ სააკაშვილის ოჯახისა და ინტერესების დამცველების მთავარ მოთხოვნად რჩება. თუ უცხოელი ექსპერტები შესაბამის დასკვნას დადებენ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ექსპრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა გახდება საჭირო. ამისთვის კი, სასამართლომ ნებართვა უნდა გასცეს. თუ მოვლენები ასე განვითარდება, 5 საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული სააკაშვილის სასჯელის გადავადების შესახებ ერთობლივად თანხმობა ხუთმა მოსამართლემ უნდა გასცეს.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და თანაპარტიელები აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და მას შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება. მათი თქმით, სასჯელის გადავადება და სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც. "ქართული ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ სააკაშვილს მკურნალობის შესაბამისი კურსი საქართველოშიც უტარდება. სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტის ოჯახისა და ადვოკატების მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლების მცდელობაა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" 12 მაისიდან მკურნალობს, ის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს.

დღის ამბები