30 დეკემბერი 2024,   20:13
ვრცლად
პარლამენტში სახალხო დამცველის შერჩევის წესზე მსჯელობენ - ოპოზიციის ნაწილი სამოქალაქო სექტორის მიერ ინიცირებულ პროცესს უცხადებს ნდობას

პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. პარტიები მსჯელობენ მეთორმეტე რეკომენდაციაზე, რომელიც სახალხო დამცველის შერჩევის წესს უკავშირდება. შეხვედრას ისევ არ ესწრება ოპოზიციის ნაწილი, თუმცა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ინფორმაციით, ჯერ კიდევ გუშინ, მათი ოპონენტების ნაწილი შეხვედრაზე დასწრებას აპირებდა, ოპოზიციის მეორე ნაწილი კი უმრავლესობასთან ერთად მსჯელობს,როგორ უნდა გახდეს პროცესი მეტად ინკლუზიური.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ისინი სრულად ენდობიან სამოქალაქო სექტორის მიერ ინიცირებულ პროცესს, "ქართულ ოცნებასთან" არაფორმალურ განხილვებს კი არ აპირებენ.

"ჩვენ "სტრატეგია აღმაშენებელს" გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, სრულად ვენდობით სამოქალაქო სექტორის მიერ ინიცირებულ პროცესს. შესაბამისად, დაველოდებით იმ კანდიდატებს, რომელსაც შეარჩევს სამოქალაქო სექტორი და ამ კანდიდატებიდან ავარჩევთ. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ფლანგზე სწორედ ეს პოზიცია იქნება გაზიარებული, როგორც მინიმუმ ყველა, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ ამ პოზიციაზეა. "ქართულ ოცნებასთან" არაფორმალურ შეხვედრაზე ჩვენ არაფერი განსახილველი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" შეეცდება თავისი კანდიდატის გაყვანას, მაგრამ ეს იქნება ჩვეულებრივი ტესტი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის. თუ ხარ ოპოზიციური პარტია, არ მიეხმარები კანდიდატის გათრევაში, სულ რამდენიმე ხმაზეა საუბარი, რაც მათ აკლიათ," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დავით უსუფაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ომბუდსმენის ასარჩევად 3 ეტაპის გავლას სთავაზობს პოლიტიკურ სპექტრს. 

"იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ დამოუკიდებელი ძლიერი ომბუდსმენი მომავალშიც, იმისთვის, რომ შესრულდეს ევროკავშირის ძალიან მკაფიო მითითება, რომ უნდა მოვახერხოთ დამოუკიდებელი და მაღალი ნდობის მქონე კანდიდატის ომბუდსმენად არჩევა, ჩვენ 3 ეტაპს ვთავაზობთ ყველას - არასამთავრობოების ნდობის მქონე კანდიდატებიდან შევარჩიოთ კანდიდატი, რომელსაც ხელისუფლება და ოპოზიცია მხარს დავუჭერთ ერთობლივად. 90 ხმა არის საჭირო. თუკი პროცესს ასე წარვმართავთ და  სამოქალაქო სექტორის კანდიდატს ექნება ოპოზიციისა და ხელისუფლების მხარდაჭერა, მივიღებთ ძლიერ კანდიდატს, რომელიც თავის ფუნქციას შეასრულებს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

დღის ამბები