საიას საკონსტიტუციო სარჩელს, იმასთან დაკავშირებით, რომ საპატიმროში შესვლისას და გამოსვლისას პატიმართა შემოწმების წესი შეიცვალოს, სასჯელაღსრულების მინისტრი ეხმაურება.
კახა კახიშვილის განცხადებით, საპატიმროში შესვლისას პატიმრების გაშიშვლებით მათი უფლებები არ ირღვევა და ეს მოდელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.
შეგახსენებთ, საია ნორმის გაუქმებას მისი არაკონსტიტუციურობის საფუძვლით ითხოვს, რადგან მათი პოზიციით რეგულაცია ადამიანის ღირსებას ლახავს.
„ღირსების შემლახავია მაშინ, როდესაც ხდება მათი ჩამწკრივება, როდესაც უცხო პირები ესწრებიან, როდესაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი ესწრება, როდესაც ვიდეო მონიტორინგის პირობებში ხდება ეს ყველაფერი, ასევე როდესაც ხელით შეხება ხდება. ამ პროცედურას გადიან მხოლოდ ის პატიმრები, რომლებიც გარედან შემოდიან, ანუ პირველი შესახლების დროს. ეს არის სტამბოლის პროტოკოლის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი პატიმარი, რომელიც შემოვა ციხის ტერიტორიაზე, სხეულზე არსებული დაზიანებები უნდა იყოს დოკუმენტირებული,“ - განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა კახა კახიშვილმა.