20 ნოემბერი 2024,   18:18
ვრცლად
გარდაბნის რაიონის მოსახლეობამ დაკარგული საქონელი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იპოვა

გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მკვდარ ცხოველებს მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც მოსახლეობა არასასიამოვნო სუნმა შეაწუხა. ადგილობრივებმა ტრიალ მინდორზე, სასაკლაოს გვერდის ავლით მოკლული 15 ძროხის თავი და შიგნეული აღმოაჩინეს.

საქმეში პოლიციის ჩარევაც გახდა საჭირო, მაგრამ ადგილობრივები უკმაყოფილოები არიან. დახოცილი ცხოველები მათი შინაური პირუტყვი აღმოჩნდა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაიკარგა. მოსახლეობა ყვება, რომ მსხვილფეხა საქონლის ქურდობის ფაქტები სოფელში განსაკუთრებით ბოლო ერთი წელია გახშირდა. ეს პრობლემა თითქმის ყოველ მეორე ოჯახს აწუხებს.

მოსახლეობა სასტიკი მკვლელების დასჯას და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.

სოფელ კრწანისში დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდა ჯერ არ დაწყებულა. ადგილობრივი თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ დასუფთავების სამუშაოებში შესაბამისი უწყებები ხვალიდან ჩაერთვებიან.

რა ვითარებაში აღმოჩნდა გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე მოკლული მსხვილფეხა საქონელი ამ დრომდე უცნობია. დაუდგენელი რჩება, სად მოხდა უკანონო ხორცის რეალიზებაც.

ავტორი: სალომე ბოკუჩავა.

 
დღის ამბები