საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საარსებო მინიმუმი შემცირდა. ახალი სტატისტიკის თანახმად 1 სულიანი ოჯახისთვის საკმარისია 137 ლარი. ორსულიანმა ოჯახმა თვეში 220 ლარი უნდა დახარჯოს. სამსულიანისთვის - 248 ლარია გაწერილი, ხოლო ოთხსულიანმა ოჯახმა 275 ლარით უნდა იცხოვროს.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ადგილობრივ პროდუქტზე ფასების კლებამ გამოიწვია.
საარსებო მინიმუმში პროდუქტების გარდა შესულია პირველადი მოხმარების ნივთები და ტრანსპორტის ხარჯები. ოფიციალური გათვლებით მოსახლეობამ ამ ფულიდან კომუნალური გადასახადებიც უნდა გადაიხადოს.
მოსახლეობასთან ერთად საარსებო მინიმუმით არსებობას გამორიცხავენ პოლიტიკოსებიც - მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაში, თუმცა მმართველ გუნდში გამოსავალს მთის კანონი ამოქმედებაში ხედავენ.
უმრავლესობას არ ეთანხმებიან ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ მთავრობა მოსახლეობას დასცინის.
ექსპერტების განცხადებით კი საქართველოში სამომხმარებლო ფასები მსოფლიო ფასების დონეს 85%-მდე მიუახლოვდა, თუმცა შემოსავლები, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით ნახევარზე ნაკლებია.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.