მწარმოებლები პურზე ფასის მატების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ზარალზე იმუშავებენ.
მწარმოებელებისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს სოფლის მეურნეობის მინისტრს. ოთარ დანელია, პურის გაძვირების საფუძველს ვერ ხედავს და ამის მიზეზად ქვეყანაში ხორბლის არსებულ მარაგს ასახელებს.
მწარმოებლები ხორბლის ფასის საერთაშორისო ბაზრებზე შემცირებაზე საუბრობენ, თუმცა პურის წარმოებისთვის საჭირო ფქვილის შეძენა მაინც მაღალ ფასად უწევთ. ისინი ეჭვობენ, რომ პროცესი ხელოვნურად იმართება.
მწარმოებლები არც ბაზრის მონოპოლიზაციას გამორიცხავენ, რადგან მათივე ინფორმაციით, ფქვილისა და ხორბლის იმპორტი ქვეყანაში შეფერხებით მიმდინარეობს. ბრალდებას უარყოფენ შემოსავლების სამსახურში.
ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ფქვილზე ფასის მატების მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ასახელებენ. ფასი 37 დან 44 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ფქვილზე ფასის გაზრდამ, პურის ფასზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
ავტორი: ეკო მაღრაძე.