სოფლის მეურნეობის მინისტრი სტიქიის შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებთ ხელისუფლების მხრიდან შემუშავებულ ღონისძიებებზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა სტიქიით დაზარალებულებმა მიიღონ შესაბამისი დახმარება.
მინისტრმა ოთარ დანელიამ კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი ღონისძიებების ძირითადი ნაწილი იმ პირებს ეხებათ, რომლებსაც აგროდაზღვევა ჰქონდათ.
„ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით წავახალისოთ დაზღვევა და სახელმწიფომ გაზარდოს 50-70%-მდე დაზღვევის თანადაფინანსების კომპონენტი,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მათ კი ვისაც არა აქვს აგროდაზღვევა, კომპენსაციებს ვერ მიიღებენ. ასეთ პირებს ხელისუფლება შესაბამისი პრეპარატებით, შხამ-ქიმიკატებით დაეხმარება.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოახლოებულ რთველზეც ისაუბრა და დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეღვინეები წელს ყურძნის ჩაბარებაზე გარკვეულ ლიმიტს აწესებენ.
„პრობლემები მართლაც არსებობს. ეს უკავშირდება შემცირებულ მოთხოვნას. თუმცა, ჩაუბარებელი ყურძენი არც წელს დარჩება,“ - აცხადებს დანელია.
სტიქიის შედეგების აღმოფხვრის საკითხები მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე განიხილა.