18 მაისი 2024,   10:51
ვრცლად
33 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო ხუდონჰესის მშენებლობას უბრუნდება - მთავრობამ მესტიის მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურის პროექტი უკვე გამოისყიდა

33-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველო ხუდონჰესის მშენებლობას უბრუნდება. სახელმწიფო ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმდა და კონკრეტულ თანხაზე მორიგების შემდეგ, ჰესის მშენებლობის პროექტი დაიბრუნა. მემორანდუმი, რომელიც მდინარე ენგურზე 702 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებდა, 2007 წელს გაფორმდა, თუმცა შპს "ტრანს ელექტრიკამ" აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო. 2020 წლიდან კი სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ და სახელმწიფო ინვესტორისთვის გადაცემულ ყველა მოძრავ და უძრავ აქტივს საკუთარ მფლობელობაში დაიბრუნებს.

ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ენერგოსისტემის სტაბილურ განვითარებას ხელს შეუწყობს. ლევან ვეფხვაძე ერთიან ევროპულ სივრცეში, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ხუდონჰესის პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს. ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილში. ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით, სახელმწიფო ბიზნეს საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს. მმართველი გუნდი კი პროექტის წარმატებაში დარწმუნებულია. ქართული ოცნების წევრები ენერგეტიკის მიმართულებით, ხელისუფლების სწორ პოლიტიკაზე აკეთებენ აქცენტს.

ახლა მთავარი გამოწვევა, ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაა. განახლებადი ენერგიების ხელმშემწყობი პროგრამის ფარგლებში ჰესების მშენებლობა, ელექტროენერგიის ექსპორტი და სატრანზიტო დერეფნის სტატუსი - ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა, ექსპერტების შეფასებით განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

საქართველოს მთავრობა, ხუდონჰესის პროექტის განხორციელებას, 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს.

დღის ამბები