20 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
ხანძარი ყოფილი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე - საამქროების მეპატრონეები დახმარებას ითხოვენ

ძლიერი ხანძრის შედეგად, ე.წ. კიროვის ქარხნის პირველ სართულზე ლეიბების, რკინისა და ავეჯის 4 საწარმო სრულად დაიწვა. განადგურებულია ძვირადღირებული დანადგარები და ინვენტარი. დაზარალებულების წინასწარი გათვლებით ზარალი მილიონ ლარს გადააჭარბებს.

საამქროების მეპატრონეები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ძირითად ნაწილს ბიზნესის დასაწყებად სესხი ჰქონდა გამოტანილი.

ცეცხლი თავდაპირველად სავარაუდოდ ერთ-ერთ საწარმოში გაჩნდა და დაახლოებით 5 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის სახურავი სრულად ჩამოინგრა. ადგილზე მთელი ღამის მანძილზე სამაშველო სამსახური მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მეწარმეთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ცეცხლი ქარხანაში განზრახ გააჩინეს. დაზარალებულები კონკრეტულ პირებს არ ასახელებენ, თუმცა მომხდარს კონკურენტულ ფასებს უკავშირებენ.

მოხდება თუ არა მეწარმეებისთვის ზარალის ანაზღაურება ან რაიმე შეღავათების გაწევა დიდუბის გამგებელისთვის ჯერჯერობით უცნობია.

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, ამირან ვარდოსანიძე, ვაჩე გოგოლაშვილი. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები