აძვის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ყირიმ-კონგოს დიაგნოზით 49 წლის გიორგი ხაჩიძე გორის საავადმყოფოში მოათავსეს. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ წელს ყირიმ-კონგოს ცხელების ეს უკვე მე-9-ე შემთხვევაა, მათ შორის ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
ამის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრი მძიმე ინფექციური დაავადების რიცხვის გაზრდის რისკს გამორიცხავს.
ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ინფექციური პათოლოგიაა, რომელიც ტკიპების მეშვეობით ვრცელდება. დაავადებას თან ახლავს სისხლდენა, მაღალი სიცხით ცხელება და ორგანოების შეშუპება.
დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ინფექციონისტები მოსახლეობას ტკიპებისგან თავის დაცვისა და საავადმყოფოებისთვის დროული მიმართვისკენ მოუწოდებენ.
ინფექციური დაავადების ფაქტი 16 აგვისტოს გამოვლინდა. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებულა. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
აძველებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. მათი ინფორმაციით, 7 მუნიციპალიტეტში გადამტანების საწინააღმდეგო სამუშაოები ჩატარდა.
საქართველოში ყირიმ-კონგოს გავრცელების არეალი შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთია.
გასულ წელს საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 24 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან სამი ლეტალურად დასრულდა.
ავტორი: ირინა კეჭაყმაძე