11 მაისი 2024,   21:37
ვრცლად
უკრაინა ისევ რუსული სარაკეტო ტერორის სამიზნეა - რუსი სამხედროები ბახმუტის ასაღებად შეტევებს არ წყვეტენ

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ომის 384-ე დღე ტრაგიკულად გათენდა. რუსეთის თავდახმას საცხოვრებელ კორპუსზე 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა. ახლა ექიმები მათი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.

აფეთქებების ფონზე გათენდა ხარკოვის ოლქშიც. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ახლახანს დეოკუპირებულ ქალაქ ვოვჩანსკზე მიიტანეს. დღესვე, რუსეთის სამიზნე გახდა ოდესის ოლქიც, სადაც ასევე, მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.

თითქმის სრულად არის განადგურებული დონეცკის ოლქის ქალაქი ავდიივკაც, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება. ომამდე ხალხმრავალ ქუჩებში ახლა აღარავინ დადის. 40 000-მდე ადამიანიდან ქალაქში მხოლოდ რამდენიმე დარჩა.

ფრონტის მთავარ ხაზად ისევ ქალაქი ბახმუტი რჩება. ბრძოლა ქალაქში და მის მისადგომებთან გრძელდება. რუსი სამხედროები ბახმუტის ასაღებად შეტევებს არ წყვეტენ. არ ნებდებიან უკრაინელი ჯარისკაცები.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულად თანამოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ ახლა სწორედ აღმოსავლეთ უკრაინაში წყდება ქვეყნის ბედი და მომავალი.

რუსეთის მასშტაბური შეტევებით და ისევ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად სრულდება ომის 384-ე დღე უკრაინაში. კრემლი დანებებას და უკან დახევას არ აპირებს. უკრაინა კი საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებისთვის ბრძოლას ისევ განაგრძობს.

დღის ამბები