საქალაქო სასამართლო ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ საქმის განხილვას ხვალიდან იწყებს. დაესწრება თუ არა ქიბარ ხალვაში საკუთარი სარჩელის განხილვას ადვოკატისთვის ჯერ არ უთქვამს.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილება ერთ-ერთი ის საკითხია, რომელსაც ხვალ განიხილავენ. საკუთარი თავის საქმიდან აცილების გარდა მოსამართლე ურთმელიძემ ხვალ რუსთავი 2-ის იურისტების კიდევ 2 შუამდგომლობაზე უნდა იმსჯელოს. კომპანიის ადვოკატები საქმის კოლეგიური წესით სამი მოსამართლის მიერ განხილვას და ზეპირ მოსმენას ითხოვენ.
რუსთავის 2-ის იურისტებისთვის თამაზ ურთმელიძის ობიექტურობა ეჭვქვეშ მის მიერ კომპანიის ქონების დაყადაღების შემდეგ დადგა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო. ურთმელიძის დადგენილება რუსთვის 2-ის იურისტებმა გაასაჩივრეს თუმცა პასუხი ხალვაშის სარჩელის ძირითადი ნაწილის განხილვის დაწყების წინაც ცნობილი არ არის. ადვოკატები მოსამართლის მიერ ვადების დარღვევაზე საუბრობენ.
ქიბარ ხალვაში სასამართლოში შეტანილი სარჩელით რუსთავი 2-ის წილის დაბრუნებას ითხოვს. ამის გარდა ბიზნესმენი ხალვაში სასამართლოში საავტორო უფლებების დაცვასაც გეგმავს. ის პრეტენზიას არხის ლოგოზე და რამდენიმე რეიტინგული პროექტის ავტორობაზე აცხადებს.
ხალვაშის მოთხოვნა და პრეტენზიები რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელებისთვის გაუგებარია.
ავტორები: ნათია ტრაპაიძე, გიორგი პერტია, ირინა ჯორბენაძე.