30 დეკემბერი 2024,   20:43
ვრცლად
სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტო 70 მლნ ევროს გამოყოფს

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა "საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 70 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, შერაზ გასრიმ,  საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ფანი დელფიმ.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

70 მლნ ევროდან ინფრასტრუქტურის კომპონენტისთვის გამოყოფილია  35 მლნ ევრო და ითვალისწინებს:

  • ზემო სამგორის ირიგაციის არხის მოდერნიზებას;
  • ხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის რესურსის კუთხით ეფექტიანი წარმოების გაზრდას;
  • ადგილობრივი მოსახლეობისათვის სურსათის ხელმისაწვდომობისა და რეგიონულ ბაზრებზე ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას;
  • კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ მდგრადი ირიგაციის სისტემის დანერგვას.

35 მლნ ევრო გათვალისწინებულია ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამისთვის, რომელიც მოიცავს: 

  • საირიგაციო რესურსების მდგრადი და ინკლუზიური მართვისთვის სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერას;
  • პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას სოფლის მეურნეობასა და წყლის მენეჯმენტში კლიმატ-გონივრული პრაქტიკის ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;
  • შპს საქართველოს მელიორაციის მმართველობისა და რისკების მართვის გაუმჯობესებას.

პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შპს საქართველოს მელიორაციასთან ერთად.

დღის ამბები