18 მაისი 2024,   10:30
ვრცლად
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კიკვიძის პარკში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კიკვიძის პარკში საზეიმო ღონისძიება მოეწყო.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი არაბული და ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ვიცე-პრეზიდენტი, მაია აზარაშვილი ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა თხუთმეტზე მეტმა სპორტულმა ფედერაციამ მიიღო.

კიკვიძის პარკში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გასართობი თამაში და სპორტის სახეობა, კერძოდ: მაგიდის ჩოგბურთი; ბავშვთა სახალისო ფარიკაობა; ბავშვთა ძიუდო; სახალისო ხელბურთი; უშუ ; ფრენბურთი, მაგიდის ფრენბურთი; ბეისბოლი; ამერიკული ფეხბურთი; ფრისბი; ბადმინტონი; მკლავჭიდი; ქართული ტრადიციული სახეობები; სამაგიდო თამაშები (ჭადრაკი, ნარდი, შაში, გო); მხიარული თამაშები ანიმატორებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილეებისთვის მასტერკლასი ჩაატარა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა მკლავჭიდში ლევან საგინაშვილმა. „სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის“ 6 აპრილს აღინიშნება. ეს თარიღი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2013 წლის აგვისტოში დაადგინა, 2014 წლის 6 აპრილს კი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ ღონისძიების აღნიშვნას.

დღის ამბები