18 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
კაცი, რომელიც მგელთან ერთად ცხოვრობს - ადამიანისა და მტაცებლის ურთიერთობა

ჭკვიანი, საზრიანი, მაგრამ საშიში - ეს მგელია. მეცნიერები მის ხასიათს განუწყვეტლივ აკვირდებიან. ატარებენ კვლევებს ქცევებზე და იმ გზებზე, რომლებსაც მგლები ველურ გარემოში თავის გადასარჩენად იყენებენ. რეალურად, მგელი ადამიანისთვის შესაძლოა სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენდეს. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მტაცებელს არ უშინდებიან.

რაულ გუზიტაშვილი მგელთან ერთად ცხოვრობს. მისი თქმით, მგელს სხვაზე მზრუნველობის, სიყვარულისა და თანაცხოვრების უნარი ადამიანზე არანაკლებად აქვს განვითარებული.

მგელი ერთი წლის წინ დაიმეგობრა, ზუსტად მაშინ, როდესაც თვეების იყო და ურთიერთობაც ადვილად შედგა.

აღარც ახსოვს როგორ იქცა 21 ძაღლის მხსნელად. ზოგი აჩუქეს, ზოგი იპოვა, გადაარჩინა, გაამრავლა. მოვლა ფინანსების გარდა დიდ დროს და რესურსს მოითხოვს. ჯერ უნდა ისაუზმონ, მერე ივარჯიშონ, ისეირნონ, რაღაც ახალი ისწავლონ.

მტაცებელთან ცხოვრებამ, მასზე დაკვირვებამ ბევრი ასწავლა. ახლა თავადაც სხვას არწმუნებს, რომ მგელთან პირისპირ დგომა საფრთხეს არ წარმოადგენს. მთავარია სწორი დრო და კომუნიკაცია.

წლების წინ დათვის ბელიც შეიფარა. გაზარდა, უპატრონა, თუმცა იძულებული გახდა თავშესაფრისთვის გადაეცა. ამაზე საუბარი ახლაც უჭირს.

ცხოველებს საკუთარი ვოლიერები არ აქვთ. მათი პირობების გაუმჯობესება რაულის მთავარი მისიაა.

დღის ბოლოს, როცა უკან, სახლში ბრუნდება, როცა ცხოველებს მიღმა ცხოვრება იწყება, ყველა აზრი და ფიქრი მაინც მათთან აბრუნებს, ამხნევებს და აძლევს ახალი შესაძლებლობის იმედს, რომ ხვალ კიდევ ერთ მიტოვებულ, გაჩუქებულ ან სასიკვდილოდ განწირულ ცხოველს შეიფარებს.

ავტორი: ანი გენებაშვილი

დღის ამბები