ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა - განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გააკეთა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდასაჭერად.
"ევროკავშირისა და საქართველოს შორის არსებულ უსაფრთხოებით ურთიერთობას რაც შეეხება, სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ ევროპელმა ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს გაეყინათ ის თანხა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის იყო განკუთვნილი, ასე რომ 30 მილიონი ევრო, რომლის საქართველო თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემა გვქონდა დაგეგმილი - ამ მომენტისთვის გაყინულია. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და მიმართულებას შეიცვლის, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოება და მედია. ეს ლუქსემბურგში უკვე ითქვა, ჩვენი პირდაპირი დახმარება მთავრობის მიმართ ეტაპობრივად შემცირდება.
მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პოლიტიკის პირველი მსხვერპლი არის სწორედ თავდაცვის სამინისტრო, რადგან მათთვის განსაზღვრული 30 მილიონი დროებით გაჩერდა. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ 10-ჯერ მეტია, ვიდრე სამოქალაქო სექტორის მიმართ. წლების მანძილზე ვუჭერდით მხარს თითოეულ მთავრობას. იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად შემცირდეს ეს პირდაპირი მხარდაჭერა მთავრობის მიმართ და მეტად მოხმარდეს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, რომლებიც ამ გამჭვირვალობის კანონის გამო დიდი ზეწოლის ქვეშ არიან,"- აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.