20 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
პრეზიდენტის ინიციატივას მთავრობის სხდომის მოწვევაზე საპარლამენტო ოპოზიცია იზიარებს

საპარლამენტო ოპოზიცია იზიარებს პრეზიდენტის ინიციატივას, რომ მთავრობის სხდომაზე განიხილონ ენერგოუსაფრთხოების საკითხები. მათი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ არსებულ შეკითხვებს პასუხი გაეცეს.

თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლის შალვა შავგულიძის განცხადებით, საჭიროა აღნიშნული საკითხის დეტალურად განხილვა და პრეზიდენტის ჩართულობა.

„გადავიხადეთ უკვე ერთხელ ეს პოლიტიკური ფასი წლების მანძილზე და ძალიან გაუმართლებლად მიმაჩნია ისევ იმ წყაროზე მიბმა ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივას მთავრობამ ყური უნდა უგდოს და განიხილოს. მისი თქმით, ამ საკითხზე პარლამეტში დებატები უნდა გაიმართოს.

„ენერგეტიკაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა საგანგაშო სიგნალია, როგორც ტარიფების ზრდის, ისე რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია დაეთმობა თუ არა მთავრობის სხდომა ამ საკითხებს. მინისტრთა კაბინეტი შეთავაზებას არ იზიარებს და ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაზპრომთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობის მიზნით, მთავრობის სხდომის გამართვის შესახებ პრემიერის ადმინისტრაციას წერილით გუშინ მიმართა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები