16 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
ცესკოში აშშ-სა და ევროპის არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე აშშ-სა და ევროპის არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებს შეხვდნენ.

შეხვედრის ძირითადი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები გააცნო. მან ასევე პარტიების რეგისტრაციის პროცესის შესახებ მიმდინარე მდგომარეობაზე და პარტიული სიების წარდგენის საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ამავდროულად ისაუბრეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციისა და ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება მიუკერძოებელი და ობიექტური სადამკვირვებლო მისიების არსებობას და დაკვირვებას, რაც არჩევნების მთლიანობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დეტალურად განიხილეს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. გიორგი კალანდარიშვილმა მათ გააცნო ამ მიმართულებით არსებული სიახლეები. ამასთან, დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა და მონაწილეობა მიეღოთ იმიტირებულ კენჭისყრაში. ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე დაიწყო და ამ დროისათვის ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველია ინფორმირებული. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებდა და პასუხობდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

ამასთანავე, შეხვედრაზე ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევების შესახებ, მათ შორის საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების საკითხებზე.

აშშ-სა და ევროპის არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ყოფილ დიპლომატებთან შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. დელეგაცია საქართველოში რონდელის ფონდის ხელშეწყობით იმყოფება. მათი ვიზიტის მიზანია გაეცნონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს. დელეგაცია შეხვედრებს მართავს ოფიციალურ პირებთან, პოლიტიკურ პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან.

შეხვედრა შავი ზღვის ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის/გერმანიის მარშალის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ხელშეწყობით გაიმართა.

 

დღის ამბები