30 დეკემბერი 2024,   21:07
ვრცლად
მეორე დღეა, "ოცნების" ტრაგიკულად დაღუპული წევრის ოჯახი სამძიმარს იღებს - მმართველი გუნდი დარწმუნებულია და თვითმხილველებიც ადასტურებენ, რომ ერმილე გიგიაძეს გულის შეტევა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერის მუქარის შემდეგ დაემართა

სოფელ გეგუთში, ერმილე გეგიაძის ახლობლები სამძიმარს, მეორე დღეა, იღებენ. გარდაცვლილის ოჯახს თანაგრძნობა ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და მმართველი პარტიის სხვა ლიდერებმა გამოუცხადეს. წყალტუბოში მათი თანაგუნდელის ტრაგიკულად გარდაცვალება მმართველი გუნდისთვის ლიბერალური ფაშიზმის შედეგია. ამბობენ, რომ მსგავსი მიდგომები გარედან დანერგილი ტენდენციებია და ასევე, შედეგია იმ დამოკიდებულების, რომელიც, "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, დონორებს მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ აქვთ.

"ქართული ოცნების" საარჩევნო კომისიის წევრი, წყალტუბოს სოფელ გეგუთში, პარტიის ოფისთან გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ერმილე გიგიაძეს დაღუპვას წინ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის მხრიდან სიტყვიერი თავდასხმა უძღოდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ როლანდ ნუცუბიძე "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. დაპირისპირების დროს, გიგიაძე შეუძლოდ გახდა და ადგილზევე გარდაიცვალა. 

თავად ნუცუბიძე თვითმხილველების ნათქვამს უარყოფს. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ მომხდარზე პარტია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რადგან ნუცუბიძის ოპოზიციური აქტივისტობა არ დასტურდება.

წყალტუბოში მომხდარი ტრაგედია და მასზე ოპოზიციის მხარდამჭერების ნაწილის ირონიული დამოკიდებულება სახელისუფლებო პარტიისთვის, ოპონენტების ლუსტრაციაა. "ქართულ ოცნებაში" სოციალურ ქსელში გამოხმაურებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამორალურია, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მათი თანაგუნდელის დაღუპვას "ერთი რუსით ნაკლებს” უწოდებენ ან ამბობენ, რომ გიგიაძეს გულმა მხილების დროს უმტყუნა.

სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების ნაწილი, მომხდართან დაკავშირებით, "ქართულ ოცნებასთან" პოლიტიკურ დიალოგში შესვლაზე უარს ამბობს. მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციასა და სიძულვილის ენის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას არ ეკისრება. სახელისუფლებო გუნდი მიიჩნევს, რომ პარტიები, ჯანსაღი ოპონირების ნაცვლად, განსხვავებული აზრის დევნითა და ჩაგვრით არიან დაკავებულები.

მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გარდაცვლი ერმილე გეგიაძის საქმეს სამართალდამცველები იძიებენ. გამოძიება მომხდარზე გუშინვე დაიწყო.

 

დღის ამბები