ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე ეკა გიგაურის გამოსვლას მმართველ გუნდში კრიტიკა მოჰყვა.
თბილისის მერმა სენატში გიგაურის გამოსვლის ფაქტს სამარცხვინო უწოდა.
"რუსული კანონები არ არსებობს ქვეყანაში. გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს არასამთავრობო ორგანიზაციები საიდან ფინანსდებიან. ჩვენ გვაქვს ეჭვი და ამ ეჭვს ადასტურებს ის კონკრეტული დაფინანსებები, რომელიც ხელშემწყობი იყო რევოლუციური სცენარებისთვის, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებისთვის, ჩვენი სარწმუნოების და ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსებაში და საზოგადოებამ უნდა იცოდეს დეტალურად, ვინ დგას ამის უკან. ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყანას აყენებს შეურაცხყოფას, არის ქვეყნის მტერი. გიგაურს რომ მიიწვევ იქ წარმოუდგენელია. კოლექტიური გიგაური გამოდის სენატში სასაუბროდ, ქართველმა ხალხმა შეაფასოს ეს ყველაფერი", - განაცხადა კახა კალაძემ.