პრემიერის მოსაზრებას სრულად იზიარებს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ შექმნილ ვითარებაში აღნიშნული გადაწყვეტილება მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გუშინ გავრცელებულ ტექსტში ირაკლი კობახიძე წერს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება კანონს, რადგან ფაქტია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" გაცხადებული საარჩევნო მიზანი აქვს და აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, თუმცა პრემიერი განმარტავს, რომ სახელმწიფო ინტერესებისათვის და საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, მიზანშეწონილია "გამჭვირვალობა - საქართველოს" გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიურო ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს.
"მათ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ამ არჩევნებში ჩაერთონ ღიად, როგორც პოლიტიკური აქტორები. ამ მხრივ, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ როდესაც კონკრეტული ორგანიზაცია ან პირი გაცხადებულია როგორც ღია პოლიტიკური ინტერესების გამტარი, შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ანტიკორუფციულმა ბიურომ. თუ იქნება მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული, ეს იქნება ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე,"- აცხადებს გიორგი ჩაკვეტაძე.