20 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსთავი 2-ის კორესპონდენტს რუსთავი 2-ის საქმეზე ადმინისტრაციის პოზიცია გააცნო

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ ქირბიმ ვაშინგტონში გამართულ დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსთავი 2-ის გარშემო მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება და ამერიკის პოზიცია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით უცვლელია. მოგვიანებით, დეპარტამენტმა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ჩვენს კორესპონდენტს ვაშინგტონში ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, შეერთებული შტატების მთავრობა ხშირად აქებდა საქართველოს გახსნილ მედია სივრცეს, რომელიც საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც რეგიონში სამაგალითო.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ჩანს, როგორც მედია სივრცის შეზღუდვა და მედია პლურალიზმის საფრთხის ქვეშ დაყენება. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი წუხილი საქართველოს მთავრობასთან, მათ შორის, თბილისში ელჩ იან კელის მეშვეობით, რომელმაც ძალიან გარკვევით ისაუბრა ამ თემაზე. მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს მოქალაქეების თავისუფლების დაცვა, რომელიც დამოკიდებულია თავისუფალ და შეუზღუდავ წვდომაზე მედიასთან.

იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა რთული იყოს ოპოზიციური მედიისგან კრიტიკის მოსმენა, ყველა მთავრობამ უნდა წაახალისოს ხმათა პლურალიზმი და მისცეს კონკურენციის საშუალება ამ ხმებს, აზრთა თავისუფალი გამოხატვის პირობებში“, - განუცხადა ბრიფინგის შემდეგ ჩვენს ჟურნალისტს სახელმწიფო დეპარტამენტმა.

 

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები