21 ოქტომბერი 2024,   19:28
ვრცლად
გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე: "პარლამენტში, რაღაც ოთახში იკეტებიან და ცრუ საქმით არიან დაკავებულები"

პრეზიდენტის იმპიჩმენტის მორიგი პროცედურა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო, ოპოზიციაში შეაფასეს. კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეს პროცესი ხაზს უსვამს, რომ "ქართული ოცნება" განადგურებულია."

"საპროცედურო კომიტეტის საქმიანობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ "ქართული ოცნება" განადგურებულია. პარლამენტში, რაღაც ოთახში იკეტებიან და ცრუ საქმით არიან დაკავებულები. ეს საკითხი არის სასაცილო," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას მოსაზრებით, ეს პროცესი "ქართული ოცნების" შიშებს კიდევ ერთხელ აჩვენებს.

"მთელი ეს კამპანია კიდევ ერთხელ აჩვენებს "ოცნების" შიშებს და მარცხს იმ დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელსაც წარმოადგენს პრეზიდენტის ინსტიტუტი, მით უფრო მაშინ, როდესაც შემდეგ პარლამენტში მათ არათუ საკონსტიტუციო, არამედ უბრალო უმრავლესობაც [არ ექნებათ] და ეს ძალიან კარგად იციან. ამიტომ, ეს არის მორიგი თამაში," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე სარჩელით მიმართავს. თემაზე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი მსჯელობს. ეს არის ბოლო პროცედურა პარლამენტში, რის შედეგად საკითხი უკვე ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.

სახელისუფლებო პარტია სალომე ზურაბიშვილს კვლავ უნებართვო ვიზიტების გამო ედავება. პრეზიდენტის ვადა მიმდინარე წელს ისედაც იწურება, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათთვის პრინციპული საკითხია, სალომე ზურაბიშვილს გადაყენებული პრეზიდენტი ერქვას.

დღის ამბები