ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ნაციონალური მოძრაობის პარტიის ოფისები თითქმის ერთდროულად დაარბიეს.
წუხელ ღამით თავდასხმა მოხდა თბილისშიც. თავდამსხმელებმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფასადი შეღებეს.
აქციის მონაწილეებმა შენობები საღებავებით დასვარეს და ოფისების გარე ფასადებზე უხამსი წარწერები დატოვეს.
ზუგდიდის რაიონული ოფისების შენობაში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრების ინფორმაციით, თავდამსხმელთა შორის გუბერნიის, ზუგდიდის მერიისა და გამგეობის თანამშრომლები იყვნენ.
ოპოზიციის ოფისებზე თავდასხმა სამეგრელოს რეგიონის სხვა რაიონებშიც მოხდა.
დღეს დილით ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს ოფისები შეღებილი გურიაშიც დახვდათ.
ნაციონალური მოძრაობის ოფისის შუშები ჩაამტვრიეს ღამით გორში. ფანჯრებს საღებავებით სავსე ნათურებს ესროდნენ. ინციდენტისას დაზიანდა ახლომდგომი მანქანებიც.
ქუთაისში კი ოფისის ფოიეც დააზიანეს. ნაციონალური მოძრაობის წევრების განმარტებით, ხელისუფლება თავდასხმებით პრობლემების გადაფარვას ცდილობს.
ნაციონალური მოძრაობის ოფისები შეღებილია კახეთში, ახალციხეში და აჭარაშიც. ოპოზიციის წევრები პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ.
სულ საქართველოს მასშტაბით დაზიანებულია ნაციონალური მოძრაობის 20-მდე ოფისი.
ავტორები: თეონა ცხომელიძე.