18 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
"ქვეყანას არა ოპოზიცია, არამედ მოძულე ადამიანები ჰყავს" - რატი იონათამიშვილი

"წერილის ავტორები საქართველოს ისტორიაში შევლენ, როგორც სამარცხვინო, მოღალატეები და ამ ქვეყნის შავი ლაქა," – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისადმი გაგზავნილი წერილის ავტორები საკუთარი ქვეყნის მოძულე ადამიანები არიან.

"მათ ეს წერილი 26 ოქტომბრამდე რომ გამოექვეყნებინათ, დარწმუნებული ვარ, იმის ათი პროცენტიც არ მისცემდა ხმას, ვინც მხარი დაუჭირა. ამ მავნებლურ წერილებს ფარულად წერენ და აღიარებენ იმას, საკუთარი ქვეყანა თუ როგორ სძულთ და როგორ წირავენ ქვეყანას პირადი მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ქვეყანას ვერ გაწირავენ. სინამდვილეში, ქვეყანას არა ოპოზიცია, არამედ მოძულე ადამიანები ჰყავს", – განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილი გაუგზავნეს.

საბჭოს დღეისთვის დაგეგმილი სხდომის დაწყებამდე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წევრებს მიმართავენ - არჩევნებს თაღლითურს უწოდებენ, აცხადებენ, რომ, მისი აღიარებით, საქართველო ავტოკრატიული ქვეყანა გახდება, მოუწოდებენ ევროკავშირს, გამოგზავნოს სპეციალური მისია, რომელიც გამოიძიებს არჩევნებს, ასევე ითხოვენ, რომ ევროკავშირმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ ჩაატაროს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და დააფიქსიროს პოზიცია, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ ექნება ლეგიტიმაცია.

მოწოდებებს შორისაა, ევროკავშირმა შეაჩეროს საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობა. მათ შორის, გადადოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები.

დღის ამბები