ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში კომენტარები გაკეთდა.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ "მაგიდაზე დევს" ის საკითხი, თუ რა ტიპის სანქციები შეიძლება გატარდეს საქართველოსთან დაკავშირებით.
"რა თქმა უნდა, არათუ მივმართეთ, არამედ ეს არის შემდგარი რეალობა და არის აუცილებელი, რომ ჩვენმა პარტნიორებმა დააფასონ ქართველი ხალხის ნება და არ აღიარონ ეს არჩევნები. რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის სანქციები შეიძლება იყოს საქართველოსთან მიმართებაში, ეს მაგიდაზე დევს," - აცხადებს ელენე ხოშტარია.
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ "რუსულ სპეცოპერაციას" ევროკავშირიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს
"რა თქმა უნდა, მათი მხრიდან რუსულ სპეცოპერაციას, უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. არ აქვს აღიარება და არც უნდა ჰქონდეს - ახალი რა არის ამაში?! ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს ამაზე, რა არის ახალი ამაში?!" - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილი გაუგზავნეს.
საბჭოს დღეისთვის დაგეგმილი სხდომის დაწყებამდე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წევრებს მიმართავენ - არჩევნებს თაღლითურს უწოდებენ, აცხადებენ, რომ, მისი აღიარებით, საქართველო ავტოკრატიული ქვეყანა გახდება, მოუწოდებენ ევროკავშირს, გამოგზავნოს სპეციალური მისია, რომელიც გამოიძიებს არჩევნებს, ასევე ითხოვენ, რომ ევროკავშირმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ ჩაატაროს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და დააფიქსიროს პოზიცია, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ ექნება ლეგიტიმაცია.
მოწოდებებს შორისაა, ევროკავშირმა შეაჩეროს საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობა. მათ შორის, გადადოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები.