18 მაისი 2024,   09:51
ვრცლად
"მადლიერი ვართ მხარდაჭერისათვის" - გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის პრემიერს შეხვდა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მათ შორის საქართველოს პრემიერმინისტრთან. ამ წუთებში ვიქტორ ორბანი სწორედ მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება.

"საქართველომ ძალიან ბევრს მიაღწია ევროინტეგრაციის პროცესში და ჩვენ მადლიერი ვართ იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც უნგრეთი უწევს საქართველოს ამ გზაზე. ვიმედოვნებთ, რომ უნგრეთი, როგორც ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგება ამ საპასუხისმგებლო პროცესში. უნგრულ მხარეს კიდევ ერთხელ ვუთხარით მადლობა საქართველოს თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში,“ - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

“ხაზი გავუსვით 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში და 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნების, ასევე რეგიონის სახელის შეცვლაზე გამართული რეფერენდუმის უკანონობას, რაც წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მცდელობას, მოახდინოს ეთნიკური წმენდის არა ერთი ტალღისა და ადგილზე მიმდინარე ოკუპაციის ლეგიტიმაცია. ზემოხსენებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობას,“ - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრებთან ერთად, ადმინისტრაციაში ასევე იმყოფებიან უნგრეთის და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები. მათთან ერთად გამართულ გაერთიანებულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა სამ შეთანხმებას. 

ამ წუთებში კი მიმდინარეობს ბიზნეს ფორუმი, სადაც ორივე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ეს იქნება პრაგმატული შეხვედრა ბიზნესებს შორის, რომელსაც თავის მხრიდან სამთავრობო დელეგაციები დაუჭერენ მხარს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს თქმით, შეხვედრის მიზანი ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებაა.

“საქართველო რეგიონში ერთ-ერთი მთავარი და პოლიტიკური და სავაჭრო პარტნიორია და ჩვენ ვართ ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი მისი ევროატლანტიკური გაწევრიანების გზაზე. მიზანი არის, რომ უფრო გაღრმავდეს ბიზნეს ურთიერთობები,“ - განაცხადა სიიარტოსმა

 

დღის ამბები