ევროპარლამენტარების პასუხი არასამთავრობოების მიერ გაგზავნილ ღია წერილზე, რომელშიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ორგანიზაციები ევროპულ სტრუქტურებს რეაგირებას სთხოვენ.
ევროპელი დეპუტატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ აწარმოოს დიალოგი და გამოიჩინოს პოლიტიკური ნება. ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ ეს პროცესები საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშშიც მოხვდეს.
„საქართვლოს პარლამეტში ერთმანეთის მიყოლებით ორი მოსმენით კანონპროექტის მიღება, ოპოზიციის აზრის გათვალისწინების გარეშე, ძალიან შემაშფოთებელია. როდესაც ოცდაათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გვიგზავნის წერილს, ვალდებული ვართ რეაგირება მოვახდინოთ. მოვუწოდებთ უმრავლესობას, რომ გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და შეცვალოს არსებული სიტუაცია. ვაპირებთ მომავალ წელს ახალი მოხსენების მომზადებას. რა თქმა უნდა, ვითარებას დავაკვირდებით და მოხსენებაშიც ავსახავთ,” - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, მომხსენებელმა საქართველოს საკითხებზე, ანდრეის მამიკინსმა.
ევროპარლამენტის წევრები ქართველ დეპუტატებს მონოლოგიდან დიალოგის რეჟიმზე გადასვლას ურჩევენ.
„ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა ბოლო მოსმენის გადატანა. თქვენ მას ტექნიკურს კი უწოდებთ, მაგრამ ის არ არის ტექნიკური. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა ემყარებოდეს კონსენსუსს.
შეგახსენებთ თქვენი პრეზიდენტის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული ნულოვანი კონსენსუსით.
ჩემი გზავნილი ასეთია - ნუ ჩქარობთ, მონოლოგს ყოველთვის დიალოგი სჯობს, გაიარეთ კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან. ნუ იფიქრებთ, რომ ამ პროცესებს ევროკავშირში რეაგირება არ მოჰყვება,” - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა.
ევროპარლამენტის დეპუტატების აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების კონსენსუსის გარეშე მიღება, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის მიმართულებით, უარყოფითი მესიჯი იქნება.