18 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე დიალოგისკენ მოუწოდებს

თითქმის ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია, არასამთავრობო სექტორთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე, მმათველ გუნდს დიალოგისკენ მოუწოდებს. ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავს ესენია: მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, ბლოკების შექმნის უფლების დატოვება, ბონუსის სისტემის შეცვლა და გადასალახი ზღვარის ჩამოწევა.

„ეს არის ძირითადი საკითხები, რომლებზე თანხმობის შემთხვევაში მოლაპარაკებებზე წავალთ ოპოზიციური პარტიები, სხვა შემთხვევაში არა,“ - აცხადებს საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია.

“ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემის საკითხზე უნდა გაერთიანდეს.

„თუ რამე არის დღეს საინტერესო, საერთაშორისო საზოგადოებისათვის, ხელისუფლებისათვის, ეს არის ოპოზიციური ერთობა. თუ ეს ერთობა დაიქსაქსა მარტივ მამრავლებად, მაშინ შედეგი არ დადგება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ისეთივე ერთობა უნდა შევინარჩუნოთ კომპრომისების მოძებნის დროს, როგორი ერთობაც შენარჩუნებული გვაქვს დღეს,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

პარტია ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელი მდივანი, გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა აუცილებელია, რაც პოლიტიკოსებს კონსენსუსამდე მიიყვანს.

„ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გარკვეულ კონსენსუსზე წასვლა,“ - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

სამოქალაქო პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიების გადაბირება ვერ უნდა შეძლოს.

„საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ესმოდეს, რომ ეს თავზე გადახეული კონსტიტუცია გადაეხევა თავზე თითოეულ მოქალაქეს, იმიტომ რომ მათთვის არის ეს პრობლემა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძე.

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე, კახა კუკავა იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის.

„დღეს სჭირდება ქვეყანას დიალოგის დაწყება და ხელისუფლებამ თავის თავში უნდა მონახოს ეს უნარი და ეს რესურსი,“ - აცხადებს კახა კუკავა.

”თავისუფალი დემოკრატების” წევრის, ემზარ კაკულიას აზრით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა წითელი ხაზია.

„ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ხელისუფლებასთან საუბარი იმ თემებზე, რასაც ჰქვია ბლოკების თემა, გაუნაწილებელი მანდატები და რასაც ჰქვია ბარიერი, აქ შესაძლებელია უკვე ჩვენ ვისაუბროთ ხელისუფლებასთან,“ - განაცხადა ემზარ კაკულიამ.

დღის ამბები