საკონსტიტუციო სასამართლოში მოსმენების კანონთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოსმენით განახლდა. თამარ ქალდანს სასამართლოს პლენუმი გუშინ სამი საათის განმავლობაში უსმენდა. ამჯერად ის მხარეების შეკითხვებს პასუხობს.
„კანონმდებლობა გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც ელექტრონული საშუალებებით, ასევე, სტანდარტული, ტრადიციული ფუნქციით ინსპექტორისა, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმებით, ანუ ინსპექტირებით შევამოწმოთ, როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი მხარე, მონაცემთა დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების დაცვა. ამ თვალსაზრისით რაიმე დაბრკოლება, რომ შეგვქმნოდა, ასეთი პრეცენდენტი აქამდე ყოველ შემთხვევაში არ არსებობდა და სამართლებრივი გარანტიები ამისა კანონშივეა ჩადებული,“ - აცხადებს თამარ ქალდანი.
რამდენად ეფექტურია მოსმენების ახალი კანონის მოქმედების პირობებში ინსპექტორის კონტროლის მექანიზმი? - ეს არის მთავარი საკითხი რის გარშემოც მიმდინარეობს პროცესზე მსჯელობა.
საია-ის წარმომადგენელი, გიორგი გოცირიძე, აღნიშნავს, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არღვევს, რადგან ის სუს-ის დაქვემდებარებაშია და მოსმენების განსახორციელებლად გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა.
„სუს-ის მიმართ დამოკიდებულ სააგენტოს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა, განახორციელოს მოსმენა და შესაბამისად ის, რომ პროფესიული დაინტერესების მქონე ორგანოს არ უნდა ჰქონდეს მოსმენის ტექნიკური შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ სრულდება,“ - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.