18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
5 კანდიდატი კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეობისთვის იბრძვის

კომპოზიტორთა კავშირი ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. კახა ცაბაძის შემცვლელის პოსტზე 5 კანდიდატურაა წარდგენილი და მათ ყრილობის მონაწილეები აირჩევენ.

ყრილობა მედიისთვის დახურულია და უცნობია, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობს ამ დროისთვის სხდომა.

პროცედურების მიხედვით, 5 კანდიდატი საკუთარ პროგრამას წარადგენს და გააცნობს აუდიტორიას, თუ რის გაკეთებას აპირებს მომდევნო 3 წლის განმავლობაში, მისი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში. ამის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება სხდომა. ბოლოს კი ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება.

კომპოზიტორთა კავშირის 123-მა წევრმა, ხმათა უმრავლესობით, კახა ცაბაძის შემცვლელი უნდა აირჩიოს. არჩვენებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ კავშირის წევრებს აქვთ.

კომპოზიტორი გოგა შავერდაშვილი, რომელსაც საკუთარი კანდიდატურა აქვს წარდგენილი, აღნიშნავს, რომ ბევრი ღონისძიება ჩატარდება მისი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში. მისი განცხადებით, სამომავლოდ ნოტების თუ ანთოლოგიების გამოცემა გაგრძელდება.

კომპოზიტორთა კავშირის მოქმედი თავმჯდომარე, კახა ცაბაძე, აღნიშნავს, რომ 5-ვე კანდიდატს საინტერესო პროგრამა  აქვს წარმოდგენილი, თუმცა აცხადებს, რომ მათი განხორციელება დიდი ძალისხმევას მოითხოვს.

კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე შენობაში გაქირავებულ ფართებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ კავშირს ბიუჯეტიდან დაფინანსება არ ხვდება და ამიტომ ისინი იძულებულები არიან, ფართები გააქირაონ. მისი თქმით, სწორედ ეს არის მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო. ფართების გაქირავებას კომპოზიტორთა ნაწილი აპროტესტებდა.

დღის ამბები