იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს რამდენიმე მოსამართლისთვის დისციპლინარული სასჯელის დაკისრების საკითხზე იმსჯელებს. სხდომის ეს ნაწილი დახურული იქნება. ამ დრომდე უცნობია, რა გადაცდომებსა და რომელ მოსამართლეებზეა საუბარი. საბჭოში ამ საკითხზე კომენტარი არ კეთდება.
დღესვე საბჭოს წევრები, სახალხო დამცველის იმ წინადადებაზე იმსჯელებენ, რომელიც დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს ეხება.
ომბუდსმენის შეთავაზება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შრომის უნარიანობის განსაზღვრას გულისხმობს. სახალხო დამცველი ითხოვს, ყველა ასეთ პირს ქმედითუნარიანობა ინდივიდუალური ექსპერტიზის საფუძველზე დაუდგინდეს.
„განიხილება რამდენიმე საკითხი, რომელთაგან ერთ-ერთი არის საქართველოს სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით და აღნიშნული ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სასამართლოს ჰქონდეს ინდივიდუალური მიდგომა და ასევე, ექსპერტიზის ბიუროს ჰქონდეს ინდივიდუალური მიდგომა, როდესაც არკვევს ამა თუ იმ საკითხს კონკრეტული საჭიროებების მიხედვით,“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.