ფოთში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ფოთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 4 წუთში, 06:52 საათზე იმყოფებოდნენ.
შსს-ს ცნობით, ხანძრის სწრაფი ლიკვიდაციის მიზნით, მოხდა დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება ზუგდიდიდან, სენაკიდან, ხობიდან და ფოთის პორტიდან.
"ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა. ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება 08:29 საათზე შეძლეს, ხოლო ლიკვიდაცია – 09:00 საათზე დაფიქსირდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.