სოფელ ერისიმედში, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს, ადგილობრივებმა წელს უკვე ასამდე სული ძროხა დაკარგეს. აზრბაიჯანის მხარეს გადასულ საქონელს ისინი უკან ვეღარ იბრუნებენ. სოფლში ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ამბობენ, რომ თითო ოჯახი ათასობით ლარით ზარალს იღებს. ისინი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობას უჩივიან და სოფლის მიტოვებასაც არ გამორიცხავენ.
სოფელში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს და მათი დანაკარგი მხოლოდ ბოლო ერთ თვეში 40-მდე ძროხაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საზღვარი გაუმართავია და სოფელს აზერბაიჯანისგან მხოლოდ დანგრეული ღობე ყოფს. თუმცა მის გასამაგრებლად სოფლის მცხოვრებლებს არ უშვებენ და პრობლემას არც ხელისუფლება აგვარებს. ადგილობრივები ასევე ვარაუდობენ, რომ მათი საქონელი ფერმებში ხვდება, რომლებიც საზღვართან ახლოს, აზერბაიჯანის მხარეს მდებარეობს და მათი ძროხებით სხვისი ბიზნესი სარგებლობს.
რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა აზერბაიჯანის მხრიდან საქონლის გადმოსვლის შემთვევაში. ერისიმედის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ საზღვარზე გადმოსული ძროხები აზერბაიჯანის მხარეს ყოველთვის უბრუნდება. ადგილობრივები უკმაყოფილოები არიან მესაზღვრეების მუშაობითაც. თუმცა ბრალდებებს უარყოფენ მესაზღვრეები.
ავტორი: ია გულიაშვილი.