ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დღეს სასამართლოში ბრალდების მოწმეების დაკითხვით გრძელდება. დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარი და ერთ-ერთი ნაცნობი უკვე დაკითხეს. მათ იმ თანხასთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომელიც მათ მამა გიორგისთვის აქვთ მიცემული. დღევანდელ პროცესზე ასევე დაიკითხა ექსპერტი არჩილ გამზარდიაც, რომელმაც მის მიერ სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.
„სასამართლოს, ისევე, როგორც პროკურატურას, მივაწოდე ინფორმაცია, რის საფუძველზე მქონდა ის მოსაზრებები, რომლებიც გავავრცელე პროცესის გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე და ამავდროულად, ხაზი გავუსვი იმას, რომ ჩემი მოსაზრებები ეხება პატრიარქის ლიკვიდაციის თემას, ამდენად, თუ მიმდინარე სასამართლო პროცესი განიხილება და შემდგომ გადავა პატრიარქის ლიკვიდაციის შესაძლო პროცესის კონტექსტში, ჩემს მოსაზრებას გაამყარებს მხოლოდ,“ - განაცხადა "საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის" დირექტორმა, არჩილ გამზარდიამ.
საქმის მოწმის, სოსო ნადარეიშვილის განცხადებით, მის რესტორანში მამა გიორგი მამალაძე არასდროს ყოფილა.