ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ხელისუფლებას დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობაში ადანაშაულებს. კომპანია Elit Electronics-ის ყოფილი მფლობელი აცხადებს, რომ მისთვის ბიზნესის უკანონო გზით წართმევის საქმის გამოძიება ვერ დასრულდა და წლებია სამართლიანობის აღდგენას ელოდება. ანზორ ქოქოლაძე თვლის, რომ Elit Electronics წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამოართვეს და სიმბოლურ ფასად TBC ბანკს გადასცეს.
„მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, ნუ გახდებით ადეიშვილ-სააკაშვილ-კეზერაშვილის და ხაზარაძის დანაშაულებრივი სქემის მონაწილე. დამნაშავის მფარველობა, დანაშაულში მონაწილეობის ტოლფასია. მოგიწოდებთ, დროულად ჩაინიშნოს სასამართლო პროცესები, დროულად მოხდეს, ჩემი როგორც დაზარალებულად აღიარება,“ - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.
ანზორ ქოქოლაძის საქმესთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესი დროში იწელება, რაც უსამართლობის განცდას ტოვებს.
„ზოგადად, როგორც სასამართლოში, ასევე პროკურატურაში პროცესები არის გაჭიანურებული," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ბიზნესმენი 2012 წლის შემდეგ, დაზარალებულის სტატუსს ითხოვს. ქოქოლაძის გაცხადებას TBC ბანკიდანაც უპასუხეს. კომპანია ქოქოლაძის უკანონო ქმედებებზე საუბრობს.
„როგორც ჩანს, ქოქოლაძე ითხოვს სახელმწიფომ, კერძო ბიზნესმა და სასამართლომ - სამივემ აპატიოს მას ჩადენილი უკანონო ქმედებები და სცნოს დაზარალებულად, რაც ისეთივე უტოპიაა, რაც სხვა მის მიერ გამოთქმული არა ერთი განცხადება წლების განმავლობაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.