რუსული ოკუპაციის შესახებ, განცხადებები მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი არ გაუქმდება, თუმცა, ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე კანონში გარკვეული ცვლილებები სამომავლოდ შევიდეს.
„არ იგეგმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები შესახებ კანონის გაუქმება, ვიდრე მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არ არის გამორიცხული, მომავალში ჩვენ ვიმუშაოთ გარკვეულ ცვლილებებზე, რომელიც მიმართული იქნება ადამიანების ყოფის შემსუბუქებისაკენ, იმიტომ რომ პრინციპი ამ კანონის გახლავთ - ერთი მხრივ, ოკუპაციის წინააღმდეგ სამართლებრივი ინსტრუმენტის არსებობას და ეს იარსებებს და მეორე მხრივ მის ამოცანას არ წარმოადგენს ადამიანების წინააღმდეგ რაიმე ქმედების განხორციელებას,“ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ დღეს რუსეთი, საქართველოში განხორციელებული აგრესიითვის, დიდი საერთაშორისო წნეხის ქვეშ არის.
„არასდროს არ ყოფილა რუსეთის ფედერაცია ამხელა საერთაშორისო წნეხის ქვეშ, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე აგრესიისთვის, ვიდრე არის ის დღეს და ამის ნათელი მაგალითია ის უპრეცედენტო გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს ფარგლებში,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.