18 მაისი 2024,   10:53
ვრცლად
ოთარ აბესაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის მაღალჩინოსანს, ოთარ აბესაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. დაკავებულს ბრალი ე.წ. მოდულის შენობაში გააცნეს. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა განმარტა, აბესაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით არსებობს გარკვეული ჩანაწერები, თუმცა მათ შინაარსზე დაკავებულის უფლებადამცველი ამ ეტაპზე არ საუბრობს. 

„მტკიცებულებებთან დაკავშირებით და საერთოდ, საქმის მასალებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიებაზე. ამ ეტაპზე, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ თავს ვიკავებთ შეფასებისგან. მხოლოდ შეგვიძლია განვაცხადოთ ის პოზიცია, რომელიც აქვს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს, ოთარ აბესაძეს, რომ ის იყენებს დუმილის უფლებას,“ - განაცხადა ოთარ აბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს  თანამშრომლებმა 11 ივლისს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, აბესაძე მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე-ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით მიღებას ჰპირდებოდა. დახმარების სანაცვლოდ, მან ქრთამის სახით 3 ათასი დოლარი მიიღო. აბესაძე სწორედ თანხის აღების მომენტში დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 
დღის ამბები