18 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
მოსკოვიდან დაბრუნებული ადა მარშანია პირველ კომენტარს აკეთებს

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვიზიტი მოსკოვში დასრულდა. ცოტა ხნის წინ, ქართველი დეპუტატები თბილისში ჩამოფრინდნენ. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ადა მარშანია, რომელიც პარტიის წარმომადგენლებთან ერთად დუმაში რუს დეპუტატებს შეხვდა, აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დროს სამმხრივი დიალოგის ინიციატივა გაჩნდა. ახალი ფორმატი საქართველო-ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითვალისწინებს.

„უმძიმეს თემაზე იყო საუბარი რუსულ მხარესთან, რომელიც ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე. ეს არის ნატო-ს საკითხი და საქართველოს სწრაფვა ნატო-სკენ. ჩვენ დავაფიქსირეთ ის ფაქტი, რა დასამალია, რომ საქართველო თანამშრომლობს ნატო-სთან, ჩვენი ბიჭები იღუპებიან სხვადასხვა ცხელ წერტილში მსოფლიო მასშტაბით. მოხდა უპრეცენდენტო რამ, ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, რომ ამ საკითხებზეც სერიოზულად ვიმსჯელოთ და შევქმნათ ფორმატი საქართველო-ნატო-რუსეთი. რუსულმა მხარემ გვიპასუხა, რომ საინტერესო იდეაა“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

ადა მარშანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი უშლის. დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტს ამ საკითხზე სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს, რათა ცვლილებები განხორციელდეს

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ასევე განმარტავს, რომ მოლაპარაკებების მთავარი საკითხი მოქალაქეების მიერ წინაპრების საფლავების მოსანახულებლად ნების დართვა იყო.

მისი თქმით, შეთანხმების შედეგად ასევე "პილოტებისთვის გაუქმდება ვიზები და საზოგადოებას ერთგვარ შენგენს“ შესთავაზებენ.

„ამ ჯგუფებმა ლეგიტიმაცია უნდა მიიღონ საქართველოს პარლამენტიდან. ჩვენ სამუშაო გვაქვს ჩვენსავე კოლეგებთან და ჩვენს პარლამენტთან, მაგრამ ამ საკითხთან უშუალოდ არის დაკავშირებული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს კანონი ითხოვს ჰუმანიზაციას. ეს კანონი უფრო პრობლემებს გვიქმნის, ვიდრე პრობლემებს წყვეტს“,- განაცხადა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ვლადიმირ პუტინის "ედინაია რასიას" და "კომუნისტური პარტიის" წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ რუს დეპუტატებთან საუბრისას ყურადღება ოკუპაციის პროცესის თაობაზე არ გაუმახვილებიათ.

დღის ამბები