ე.წ. დეზერტირების ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ტერიტორიის დასატოვებლად ემზადებიან. მომხდარის შესახებ საუბრობენ ე.წ. დეზერტირების ბაზრობის მოვაჭრეები.
„თვითონ თქვეს რომ არ გვჭირდებოდა დენიო და ჩავჭერით, რომ არაფერი მომხდარიყოო. ესე იგი დენით არ არის,“ - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
ე.წ. დეზერტირების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შესახებ საუბრობს ბაზრობის კიდევ ერთი მოვაჭრე და იმ პროდუქციას ასახელებს, რომელიც საწყობში ინახებოდა.
„ღორის ხორცი, პროდუქტები იყო და აქეთ კიდე ტყემლები იყო, სალფეტკები იყო და ყველაფერი,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
ადგილობრივი მოვაჭრეების თქმით ზარალი დაახლოებით 30 ათას ლარს შეადგენს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის თქმით, შემთხვევის დროს, ადგილზე მობილიზებული იყო 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანა და 50-მდე მეხანძრე-მაშველი. მისი თქმით, დაახლოებით 15-20 წუთში ხანძარი ლიკვიდირებული იყო და არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებოდა თბილისის დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი.
„დაახლოებით 200 კვადრატულ ფართზეა ხანძარი გაჩენილი. 15:15-ზეა შესული ზარი სახანძროში და ნახევარ საათში მოხდა ოფიციალური ლოკალიზაცია. ჯერ უნდა გამოიკვეთოს ბრალეულობა ვისი იქნება და ზარალის ანაზღაურებაზე მერე იქნება ლაპარაკი,“ - განაცხადა ზავრადაშვილმა.
ცეცხლი ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე, ყოფილ ჩინელების ბაზარში, რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და ის 200 კვ.მ.-ს მოედო.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ე.წ. დეზერტირების ბაზარზე გაჩენილი ხანძრის შედეგად საწყობები დაიწვა. ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე.