ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი გამოძიების კითხვებს პასუხობს. კორკოტაშვილი გამოკითხვაზე თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფება. საქმე სავარაუდოდ, თათია დოლიძის მისამართით რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებს ეხება.
გია კორკოტაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში ისე შევიდა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი საგამოძიებო ორგანოში ადვოკატთან ერთად მივიდა.
დღესვე დოლიძის საქმეზე გამოძიებას ჩვენებას „ქართული მარშის“ კიდევ ერთი ორგანიზატორი გიორგი ონიანი მისცემს.
გამოძიებამ თათია დოლიძის საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკითხა „ქართული მარშის“ ორი ორგანიზატორი, ვარდოსანიძე და გაგნიძე.
თათია დოლიძის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარა „ქართულ მარშთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაკეთებულ მის განცხადებას მოჰყვა. თათია დოლიძემ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციას რუსული სცენარი უწოდა.