თბილისის გენერალური გეგმის განხილვა მიმდინარეობს ამ წუთებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. დედაქალაქის მერთან ერთად, გეგმის ავტორები შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს საგზაო, სამშენებლო და გამწვანებასთან დაკავშირბულ საკითხებზე აძლევენ ახსნა-განმარტებებს. შეხვედრას ასევე ესწრებიან ე.წ. ელიავას ბაზრობის და მიმდებარე ტერიტორიის მფლობელები.
თუმცა, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ელიავას ბაზრობის ტერიტორიის საკითხზე საუბარი არ იქნება და ამ საკითხზე დედაქალაქის საკრებულოში იმსჯელებენ.
”არანაირი მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. ისინი იყვნენ ჩემთან, მათ წარმომიდგინეს თავიანთი განვითარების გეგმები, გენერალური გეგმის ჯგუფს აქვს განსხვავებული მოსაზრება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ასე, რომ მარტო მსჯელობა იქნება დედაქალაქის საკრებულოში. მათი გეგმა გულისხმობს ელიავას ტერიტორიის მოწესრიგებას და განვითარებას. ხოლო, გენერალური გეგმის პოზიცია გულისხმობს იქ რეკრეაციული სივრცის განვითარებას,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.